პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შეუძლებელია ეროვნული თანხმობა, თუ არ ითქვა სიმართლე და არ აღდგა სამართლიანობა:
"როცა ვლაპარაკობთ დიალოგზე და ეროვნულ თანხმობაზე, შეუძლებელია ეროვნული თანხმობა თუ არ ვთქვით სიმართლე და არ აღდგა სამართლიანობა, როგორც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სწორედ სიმართლის თქმა და სამართლიანობა არის ეროვნული თანხმობისკენ გზა.
სიმართლე კი არის დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასება და სამართლიანობა არის ის, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს - ეს გარდაუვალია. ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი და როდესაც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, ეს არ არის პოლიტიკური ფორმატი," - აღნიშნა ზოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სკეპტიციზმი არა შერიგების იდეაზე, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე აქვს:
"სკეპტიციზმი შერიგების იდეის მიმართ კი არ გვაქვს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მზადყოფნის მიმართ. როდესაც ეროვნულ თანხმობაზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი აქცენტი იმ პოლიტიკურ ძალებზე კეთდება, რომლებიც რადიკალიზმსა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს ქმნიან. "ნაციონალური მოძრაობის" დე-იურე თავმჯდომარე ნიკა მელია როცა აცხადებს, რომ არანაირი შერიგება არ იქნება და მათი ერთადერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლაა, სააკაშვილმა კი თქვა, რომ გამოვალ თუ არა, 10 დღეში დავამხობ ხელისუფლებასო, ჯერ ამაზე თქვან უარი და მერე ვნახოთ. რაც შეეხება ყველას შეხვედრას, მათ მშვენიერი საშუალება ჰქონდათ, რომ გუშინ პრეზიდენტთან მისულიყვნენ,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.