კრემლის მორიგ ულტიმატუმს დღეს თბილისმა უპასუხა. მოსკოვი ამჯერად წერილობით დოკუმენტურად დადასტურებულ გარანტიებს ითხოვს, რომ NATO არ გაფართოვდება და საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ალიანსის წევრები. ასევე არ შედგება სამხედრო თანამშრომლობა ამ სახელმწიფოებთან და არ განთავსდება ბაზები. ეს მოთხოვნები კრემლმა ფურცელზე თავად ჩამოწერა და თავადვე გაგზავნა ვაშინგტონში. კრემლს უნდა, რომ მოლაპარაკებები დღესვე დაიწყოს და დასავლეთს მოუწოდებს შექმნას სპეციალური ჯგუფი დიალოგისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ მოსკოვის მოთხოვნები ორმაგი სტანდარტია:
"ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი თავად არიან ხელისმომწერნი იმავე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი რაღაცა გავლენის სფეროებზე, რომელზეც საუბარია იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა, მიუღებელია. ვციტირებ NATO-ს გენერალურ მდივანს , რომ "გავლენის სფეროები - ეს არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და მისი განმეორება არ მოხდება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.