რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში მთავრობის მეთაურის წლიურ ანგარიშს - "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, პრემიერის გამოსვლა ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა. უმრავლესობაში აღნიშნეს ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყნის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები საგარეო პოლიტიკურ ჭრილში, შეაფასა უწყების მინისტრმა და თქვა, რომ ქვეყანამ 2021 წელს ევროპისკენ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
რაც შეეხება ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს - დარგობრივი მინისტრების შეფასებით, 2021 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა განიცადა, მთავრობამ რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რაც 2022 წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
უმრავლესობისგან განსხვავებით დღეს კრიტიკული იყო ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიშში, მთავარ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ყურადღება არ იყო გამახვილებული. თუმცა ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანგარიშში მიმდინარე წელს მიღწეულ წარმატებებზე და მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებით ზუსტი აქცენტები იყო გაკეთებული.
მთავრობის წევრებმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განვითარების 10 წლიან გეგმაზეც ისაუბრეს. მინისტრები მომავალ წელს თავიანთი მიმართულებებით არაერთ ინიციატივას აანონსებენ და სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაზე საუბრობენ.