მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან პირად "ფეისბუქზე" მორიგ წერილს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება გამარჯვებულ პარტიას, რადგან ხალხს თავად ჰქონოდა არჩევანის საშუალება. სააკაშვილი აქვე დაბრუნების მიზეზსაც განმარტავს.
"მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ. მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა. მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც.
მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო.
მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი - უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში. პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.
გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა, გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტი, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.
ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო.
საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და თითოეულ ქართველს ექნება უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს ჩვენს თანამემამულეებს აქვთ პოლონეთში, საბერძნეთში ან იტალიაში.
გვეუბნებიან, რომ პროტესტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელიც ჭაობში იძირება, უთხრას, რომ ხელი არ გაანძრიოს.
რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ რუსეთთან ავანტურისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა მთავარი დამსახურებაა უზურპატორული ხელისუფლების. იმავე დღეს საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს თავიანთი გეგმები. თრუსოს ხეობის და ზემო რაჭის მითვისების და კიდევ 200 კვადრატული კილომეტრი ქართული ტერიტორიის ოკუპაციის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წლებში უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე 2008-ში. ოღონდ, თუ 2008-ში გვერდით გვედგა მთელი მსოფლიო, ახლა პრაქტიკულად არავინ ამბობს სიტყვას ჩვენს დასაცავად.
და რატომ არ გვიდგას გვერდით? იმიტომ რომ იმავე გამოსვლაში ოლიგარქის "რაც გინდა ის უწოდებ"-მა თქვა, რომ ჩვენ თავს არ დავუხრით ევროპას. ეს ითქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა გვეუბნება, რომ ხალხის ძარცვა, გაღარიბება, უფლებების წართმევა, პოლიტიკური რეპრესიები უსამართლო სასამართლოს მიერ მიუღებელია. ევროპა გვეუბნება, რომ ევროპული ქვეყანა არ შეიძლება იყოს ერთი ცალკე აღებული ადამიანის კერძო საკუთრება, არამედ ყველა მის თავისუფალ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს.
მე როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ერთ-ერთ მშენებარე მაგისტრალს რუსეთში არ მივყავდეთ. არამედ იყოს ლაზიკა, ახალი აეროპორტები, რომლებიც, პირველ რიგში, გაგვიხსნიან გზას დასავლეთში და სხვა მიმართულებებით. თუ ერთ-ერთ მაგისტრალს რუსეთზე აშენებ, შენ შენს მტერს აძლევ გასაღებს ნებისმიერ მომენტში ჩაგიკეტოს სასუნთქი წყაროები, რაც წარსულში არაერთხელ გაუკეთებია.
ევროატლანტიკურ მყარ კურსს არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ახლა საქართველო არ მიდის არსაით ე.ი. მიდის რუსეთში. რუსეთმა ჩანერგა თავის წარმომადგენლები ჩვენს სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში. ყველგან სახელმწიფო აპარატში და ეკლესიის ნაწილშიც კი.
ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი.
უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად - ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის.
საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ.
ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირისმიერ.
აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის.
დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო.
მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მე-3 პრეზიდენტის დაბადების დღეა. "ნაციონალური მოძრაობა" კი ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციას აანონსებს.