პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური მხარეების შერიგების თაობაზე "ქართულ ოცნებაში" დადებითად აფასებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან შერიგებისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და კორსტრუქციულ დიალოგზე საუბარი მაშინ, როდესაც მეორე მხარე აქციებს აანონსებს, მათთვის მიუღებელია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ შერიგების ინიციატივა არ ნიშნავს შეთანხმების მიღწევას რიგ საკითხებზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაწესდეს ნორმალური "თამაში წესები" მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.
"შერიგება მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა დაწესდეს ნორმალური "თამაშის წესები", ამაზეა აქ საუბარი. შეთანხმება ხომ ვერ მიიღწევა ისეთ თემებზე, რომელიც სამომავლოდ დადგება. რადიკალური ოპოზიციის, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი და ფორმულა თავშივე ეწინააღმდეგება, სამწუხაროდ, პრეზიდენტის სურვილს პოლიტიკური "თამაშის წესების" დაწესებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.