გერმანიაში დაკავებულ გენერალ გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთვება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ "უკრაინსკაია პრავდასთან" განაცხადა.
ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელი კონსულები უკვე თანამშრომლობენ გერმანელ სამართალდამცველებთან დაკავების მიზეზის დასადგენად და დახმარების აღმოსაჩენად.
კალანდაძის ინტერესების დასაცავად საქმეში უკვე ჩართულია მისი ადვოკატი. კალანდაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის განკარგულებით მიიღო.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.
გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.