პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოსმენას იწყებს, შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იქნება.
"ყველაზე საინტერესო არის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების ვითარება, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. რა ხდება და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი ან შესაძლებელი," - აცხადებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ამ სიტუაციიდან გამომდინარე მოსალოდნელ გამოწვევებთან დაკავშირებით აპირებს კითხვების დასმას "გირჩიც".
უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მისი კითხვები სწორედ ამას შეეხება, ასევე მას აინტერესებს თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან უსაფრთხოების მიმართულებით.