ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოსმენა გამართა. პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მედიისთვის დაიხურა.
მთავარი კითხვები დეპუტატებს რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჰქონდათ - რა პასუხი აქვს ქვეყანას, რა კეთდება მას მერე, რაც კრემლი ღია შანტაჟზე გადავიდა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, ასევე - რას ელოდება ოფიციალური თბილისი.
"რა ინფორმაციაც მოვისმინე, შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ საქართველოს ირგვლივ უსაფრთხოების გარემო არის ძალიან გაუარესებული. მგონი, მთავარი საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება. ჩვენ ვერც პრაღის ფორმატი და ვერც ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხეებს ბოლომდე ვერ აგვაცილებს. ამიტომ პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი," - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს მწყობრი პოლიტიკა იმ საფრთხეების გასანეიტრალებლად, რაც ქვეყანასთან მიმართებაში ხდება.
რაც შეეხება მომხსენებლებს, ზურაბ აბაშიძის თქმით, მათ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან, იმსჯელეს ე.წ. პრაღის ფორმატის შესახებ.
"მე ვისაუბრე ე.წ. პრაღის ფორმატის თაობაზე - რა მდგომარეობაშია ახლა, რაზე ვსაუბრობთ, რა პრობლემებია, რა მიღწევებია. ჩვენ ამ ფორმატში ბოლო სამი შეხვედრა ჩავატარეთ ონლაინ რეჟიმში. ჩვენი დღის წესრიგი უმთავრესად ითვალისწინებს სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო საკითხების განხილვას. ამ თვალსაზრისით არის გარკვეული დინამიკა, არის პრობლემებიც. ვცდილობთ ეს შეხვედრები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.