16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
უარი NATO-ს გაფართოებაზე - რუსეთი საკუთარ ულტიმატუმზე დასავლეთისგან პასუხს მოითხოვს - რა მოლოდინებია თბილისში

რუსეთი საკუთარ ულტიმატუმზე დასავლეთისგან დაუყოვნებლივ პასუხს მოითხოვს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი მზად არის "სამხედრო და ტექნიკური" ზომები მიიღოს.

კრემლის შესაძლო ნაბიჯებზე ვლადიმირ პუტინმა დღეს პირადად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ NATO-სთვის და თეთრი სახლისთვის გაგზავნილი უსაფრთხოების საგარანტიო პროექტები, რომლებიც აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებას გამორიცხავს, რეალურად რუსეთის სუვერენობისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

"რასაც ისინი უკრაინაში გეგმავენ, ეს ხომ ჩვენი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით არ ხდება? ეს პრაქტიკულად ჩვენი სახლის ზღურბლია. უნდა ესმოდეთ, რომ უკან ვერ დავიხევთ. შეიარაღებული კონფლიქტები და სისხლისღვრა აბსოლუტურად არაა ჩვენი არჩევანი. ჩვენ გვსურს დიპლომატიურად გადავჭრათ საკითხი. გვქონდეს იურიდიული გარანტიები ქაღალდზე. ამაშია ჩვენი შეთავაზების არსი და იმედი გვაქვს, რომ მკაფიო პასუხებს მივიღებთ. დასავლელი პარტნიორების აშკარა აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს, არამეგობრულ ნაბიჯებზე მკაცრი რეაგირება გვექნება და ამის სრული უფლება გვაქვს," - აღნიშნა პუტინმა თავდაცვის ძალებთან შეხვედრისას.

პარალელურად თეთრი სახლი ადასტურებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თემაზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა, უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების დეესკალაცია მოლაპარაკებათა პროცესში ამერიკის მთავარი პირობაა.

თბილისისთვის მოსკოვის განცხადებები მიუღებელია. საგარეო უწყებაში სჯერათ, რომ კრემლის მოთხოვნების პასუხად ნატოელები გადაწყვეტილებებს საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მიიღებენ.

"ცალსახად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ პროცესი როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე, რაც შეეხება იმას თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ჩვენ ფართო კონსულტაციები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ თემის გააქტიურება უკავშირდება რუსეთის როგორც საგარეო, ასევე საშინაო დღის წესრიგს:

"როგორც ჩანს, ახლა ამის გააქტიურება დაკავშირებულია რუსეთის, როგორც საგარეო პოლიტიკურ, ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან. რაც მათ ჩამოწერეს რვაპუნქტიან მოთხოვნებში – ამას ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით. ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში. როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები