ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მრჩევლებს შორის კომუნიკაცია შედგა. მოსკოვის მუქარანარევი ტონი უფრო და უფრო რადიკალური ხდება. NATO-ს გაფართოების შემთხვევაში, კრემლი სამხედრო პასუხისთვის მზადაა.
რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს იწყებენ, თუმცა, დათმობებზე წასვლას არ აპირებენ. მხარეებს პირველი კომუნიკაცია შედგა.
ვიდრე თბილისი საერთაშორისო პარტნიორებთან შესაძლო სცენარებზე თათბირობს, პარლამენტარები ერთმანეთს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რომ ამ საფრთხეებზე ხელშესახები დისკუსიები დაიწყოს და, თუ საჭიროა, ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე დეკლარირებული პოზიციები კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რისკები იზრდება და ამას ადეკვატური და დროული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია სჭირდება.
რუსეთი დღეს დაიმუქრა, რომ მათი სამომავლო ნაბიჯები დასავლელების პასუხების, განცხადებებისა და ქმედებების ანალიზებზე იქნება დამოკიდებული. ახლა სწორედ იმ წონიანი ლიდერების ნაბიჯებია გადამწყვეტი, რომლებიც ამ დროის მანძილზე, სწორედ რუსეთის გაღიზიანების შიშით არიდებდნენ NATO-ს გაფართოვებას თავს.
თბილისს იმედი აქვს, რომ ევროპა ქართულ და უკრაინულ გამოცდილებებს ამჯერად სწორად გააანალიზებს.