მასობრივი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჯერჯერობით, უცნობია თუ ვინ ჩაერთვება იმ მასობრივ შიმშილობაში, რომელიც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააანონსა.
"კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შიმშილობის დაწყება მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტიისა და მათი მხარდამჭერი მედიის დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ენმ-ის წევრები კვლავ უარყოფენ ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
"არანაირი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ ყოფილა, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პარტიაში. ჩვენ უნდა გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, დრო არის ძალიან ცოტა და, შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროტესტის აქციაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ხელისუფლების იძულება, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ტავად შიმშილობის დაწყებას არ აპირებს.
"ეს გადაწყვეტილება იყო ჩვენი გუნდური გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, პირადად მე არ ვაპირებ, რადგან, ძალიან მნიშვნელოვანია, ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებებით ვიყოთ და, ასევე, ნამდვილად გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესს,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
იქამდე, სანამ ნიკა მელია მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ განაცხადებდა, პარტიის წევრები უარყოფდნენ ინფორმაციას, შიმშილობის დაწყების შესახებ. მაგალითად, ხატია დეკანოიძე "კურიერთან" აცხადებდა რომ ამის შესახებ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.
ინფორმაციას უარყოფდა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძეც.
"არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ასე ნამდვილად არ ყოფილა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ ვითარების სიმძიმეს, თუ რა პროცესები დაიწყო და ჩაუყარა საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა, და უნდა ვიმოქმედოთ იმის ადეკვატურად, რა პოლიტიკური ვითარება შეიქმნება,"-აცხადებს დავით კირკიტაძე.