სალომე ზურაბიშვილთან თითქმის ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლე დატოვა. "დროას" ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტს აქვს ძალიან სწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი, ასევე რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას.
"ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს, ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება. ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთ-ერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული მართლმსაჯულების სისტემა და ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული და შურისძიება იქნება დაუშვებელი, ამ სისტემის გამართვის გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმაც. თამარ ჩუგოშვილი დადებითად აფასებს პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს:
"ზოგადი საუბარი იყო, მე მგონი ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტს ასეთი ინიციატივა აქვს. ასეთი პოლარიზაციის გამომწვევი ყოველთვის არის ის, რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, ან შტოთა ბალანსი არ არსებობს, ან მოშლილია და არ ხდება ის გაწონასწორება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და სრულად ვერ სრულდება ის ფუნქციები, რომელსაც ხელისუფლების თითოეული შტო უნდა ასრულებდეს," - განაცხადა თამარ ჩუგოშივილმა.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეხვდეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.