ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტი ხდება, რომლის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ოპოზიციონერი იბარებს. პოსტი გახარიას პარტიამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით მიიღო. 14 ხმა შოთა წურწუმიასთვის საკმარისი გახდა, რომ "ქართული ოცნების" 12 მანდატი უმცირესობაში დარჩენილიყო.
პოლიტიკური გარიგების დახმარებით ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღევანდელი ფაქტით ყოფილი პრემიერსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ალიანსი საბოლოოდ გაფორმდა და მსგავს შეთანხმებას სხვა მუნიციპალიტეტებშიც ელის.
წარსულში პოლიტიკურად დაპირისპირებული - ახლა კი ალიანსში მყოფი პარტიების წევრები ხელისუფლების ბრალდებებზე ამბობენ, რომ მათ შორის გარიგებას ადგილი არ ქონია.
ჩხოროწყუსგან განსხვავებით, დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს წალენჯიხაში. ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს. სხდომა იანვრის თვეში ჩატარდება.
წალენჯიხის მსგავსად, ახალი თავმჯდომარის გარეშე დარჩა ბათუმის საკრებულოც. სხდომაში მონაწილეობა "ქართული ოცნების" წევრებმა არ მიიღეს, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა.
გადაწყვეტილება მოგვიანებით ახსნეს "ქართულ ოცნებაში". ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ამბობს, რომ ოპოზიციამ დღის წესრიგში ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი შეიტანა, რაც ადასტურებს, რომ ისინი ქალაქის პროგრესულ განვითარებას ეწინააღმდეგებიან.
ბათუმის და წალენჯიხის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე არ აურჩევიათ სენაკის და ზუგდიდის საკრებულოების წევრებს. საკრებულოს სხდომები ამ მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, მომდევნო წელს ჩაინიშნება.