ოპოზიცია პრეზიდენტთან კონსულტაციებს განაგრძობს. "სტრატეგია აღმაშენებელში" ეროვნული თანხმობის პროცესს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ მხარეებმა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უნდა შეძლონ.
"პოლიტიკური ნების არსებობის შემთხევაში ორივე მხრისგან, რა თქმა უნდა რესურსი აქვს ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესს, იმიტომ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, სულ ამას ვამბობ, სხვა გზა არის ერთმანეთის განადგურება და ეს არ არის ის, რაც საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მთავარ პრინციპულ საკითხებზე. სხვანაირად საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს, სამწუხაროდ, მომავალი არ აქვს,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პოლიტიკური დიალოგის მიღწევა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს "ლელოსთვისაც". პარტიაში აღნიშნავენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
"პოლიტიკური დიალოგი და კრიზისიდან გამოსავლის ძებნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები იქნება დაძლეული, მაინც ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ფორმატში მონაწილეობას,"- აცხადებს საბა ბუაძე.