შიმშილობის მესამე დღე და უცვლელი ლოკაცია - პროტესტის უკიდურეს ფორმას ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში მიმართავენ. აქტივისტების გარდა შიმშილობს პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ნიკა მელია.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეხვედრა პრეზიდენტსა და ნიკა მელიას შორის, რომელიც ორშაბათს შედგება.
"ჩვენი ეს პროტესტი გრძელდება და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს, რომელიც იწყება ორშაბათს - ნიკა შეხვდება ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელიც იქნება პირველი ქმედითი ნაბიჯი და გამოჩნდება, რა მიმართულებით მივდივართ. ვარ ოპტიმისტურად და მგონია, რომ ჩვენი ყველა მიმართულებით ბრძოლა გამოიღებს შედეგს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
პარტიის წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტას სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ აპირებენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას მანამ, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღება და ეს გადაწყვეტილება ემსახურება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. რაც შეეხება აქ მყოფ ადამიანებს - სისტემატურად კონტროლდება თითოეულის მდგომარეობა, ჩვენ მოგვიწია რამდენიმე მათგანის გაშვება, შიმშილობის შეწყვეტა იქიდან გამომდინარე, რომ აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.