ზუგდიდის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშეა, სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ მივიდნენ, კვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ლევან მაკალათიამ. მის მოვალეობას სავარაუდოდ მისი მოადგილე შეასრულებს. ლევან მაკალათია მიზეზად ასახელებს იმას, რომ თავისი თავი ამოწურა და მმართველ პარტიასთან რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს:
"მე ამოვწურე უბრალოდ თავი აბაშაში მუშაობაში. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი. დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, 4 წელი ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ უკვე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, "დავალაგეთ" საკრებულო და წამოვედი თანამდებობიდან. არანაირ დაპირისპირება გუნდში არ გვქონია. მე ვიყავი ყოველთვის "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი და ისევ ვრჩები რიგით ჯარისკაცად," - განაცხადა ლევან მაკალათიამ.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლევან მაკალათია აბაშის საკრებულოს თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს.