"ნაციონალური მოძრაობის" უკიდურესი პროტესტი გრძელდება. შიმშილობის მესამე დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი რამდენიმე ადამიანმა უკვე თქვა - მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დრომდე რჩება 12 კარავი, სადაც რამდენიმე ათეული აქტივისტი და პოლიტიკური ლიდერი შიმშილობს.
პარტიის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოშიმშილეები თავს სტაბილურად გრძნობენ.
"ყველა ნორმალურად გრძნობს თავს შიმშილობის მეოთხე დღეს. მოთხოვნები იცით - მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის დასხნა პოლიტიკური ტყვეობიდან და ცხადია, ამით უნდა დაიწყოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ესაა მთავარი ამოცანა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, რადგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს,"- აცხადებს მინაშვილი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი პარამეტრები მუდმივად იზომება.
"გავაგრძელებთ მოშიმშილეების მონიტორინგს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სრულ კონტროლში,"- აცხადებს უდუმაშვილი.
მოშიმშილეებთან იმყოფებოდა ნიკა მელიას მამა, კარდიოლოგი ანზორ მელიაც.
"მე, როგორც მამას და როგორც ჩემი კოლეგების მეგობარს, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. ამიტომ არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, რომ არ მიჯერებენ,"- აცხადებს ანზორ მელია.