16 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ამოქმედებულია ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რათა ისინი დაბრუნდნენ ოჯახებში - ირაკლი ანთაძე საოკუპაციო ტყვეობაში მყოფ 3 პირზე 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლებულია - როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განცხადა, ამ პირების გასათავისუფლებლად სახელმწიფომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი ღონისძიებები აწარმოა. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე მყოფი დანარჩენი 3 მოქალაქის უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

"რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ 4 ჩვენი თანამოქალაქე, როლებიც უკანონოდ იქნენ დაკავებული რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ. დაკავების მომენტიდანვე ძალიან აქტიურად პროცესში ჩაერთვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით და საერთო ძალებით გახდა შესაძლებელი უკანონოდ დაკავებული 4 თანამოქალაქე გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და დღეს ისინი შეხვდებიან საკუთარი ოჯახის წევრებს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი მოქალაქეების მიმართ ხორციელდება ანალოგიური ღონისძიებები. ჩვენი მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულები არიან, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, მხედველობაში მაქვს ირაკლი ბებუა. კომუნიკაცია არის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იჩენენ ძალიან აქტიურ ძალისხმევას და ყველა ეს უკანონოდ დაკავების საკითხი არის აყვანილი ძალიან მაღალ რეგისტრში და ჟღერდება ყველა ფორუმზე სადაც საუბარია უკანონოდ დაკავებულებზე. შესაბამისად მიჭირს ვისაუბრო კონკრეტულ თარიღებზე, როდის მოხდება ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან, თუმცა შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ცენტრალური ხელისუფლება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიმართავენ ყველა ძალისხმევას. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და მექანიზმი, რათა ისინი დაბრუნდნენ ოჯახებში.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსის შემოწმება ყოველდღე ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება, მდგომარეობა ნორმალურია,"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები