16 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მან გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ დიდი ხნით ადრე მიიღო, რის შესახებაც გუნდი საქმის კურსში იყო. კუჭავას თქმით, ის რჩება "ქართულ ოცნებაში". 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ.

პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ერთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამარათლის სპეციალობით. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს – სამართლის დოქტორის ხარისხი.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლის 27 მარტიდან – პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:
კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)

გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

დღის ამბები