სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქის გათავისუფლების გზებზე საუბრობს:
"მინდა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული მოქალაქეების ოჯახებს მივულოცო. საერთაშორისო პარტნიორები, ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები - სწორედ ეს არის ის მექანიზმები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება იყენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად. რა თქმა უნდა, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხიო კვლავ რჩება აქტიურ დღის წესრიგში,"- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.
ამ დროისთვის ტყვეობაში 3 მოქალაქე რჩება - რატომ ვერ მოხდა მათი გათავისუფლება? - ამაზე გიორგი საბედაშვილი აცხადებს, რომ უკანონო პატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული:
"უკანონო პატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული და ეს გრძელვადიანი პროცესია. მე თავს შევიკავებ და არ დავიწყებ იმის განხილვას, თუ რა ტიპის გამოგონილ ბრალდებებზე მიდის საუბარი თითოეული უკანონოდ დაკავებულის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. უბრალოდ, ერთი მოცემულობა, რომელიც სახეზე გვაქვს ეს არის, რომ წლების განმავლობაში არც ერთი პირი არ დარჩენილა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში და არც ეს უკანონოდ დაკავებულები დარჩებიან,"- ამბობს გიორგი საბედაშვილი.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ 3 ადამიანს შორის, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძეა, ისმის ვერსიები ოკუპანტი რეჟიმის მიერ მის ზეწოლაზე - თუმცა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ფაქტს უარყოს და "კურიერთან" ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
"როდესაც ვსაუბრობთ საოკუპაციო რეჟიმის გამოგონილ ბრალდებებზე, უნდა ვიყოთ ამის გაჟღერების დროს ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ სწორედ ამ გამოგონილი ბრალდებების ლეგიტიმაციას ემსახურება ხშირ შემთხვევაში ამაზე ხაზგასმა. ჩვენ გვახსოვს სხვა უკანონო დაკავებულები, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმმა მძიმე გამოგონილი ბრალდებები წაუყენა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ისინი დღეს უკვე გათავისუფლებულები არიან. რაც შეეხება ზეწოლას, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მამუკა ჩხიკვაძის ოჯახთან, მათ დეტალურად იციან ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ცხელი ხაზით არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძეზე არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა და ამ მომენტისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქე თავისუფალია.