16 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ყველაფერი წესრიგში არ არის" - ოპოზიციის ნაწილისთვის კახა კუჭავას გადადგომა მოულოდნელი და გაუგებარია 

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომას, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი წესრიგში არ არის. 

"შეიძლება ითქვა, რომ კიდევ უფრო ხისტი ხაზი აირჩია "ქართულმა ოცნებამ", ვინაიდან კუჭავა ითვლებოდა ცოტა რბილ ადამიანად. პაპუაშვილი კი, უფრო ხისტი და რადიკალურია და ძალის დემონსტრირების მცდელობაა. ჩანს, რომ წინასაახალწლო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის "ქართულ ოცნებაში", რადგან ეს ძალიან მოულოდნელი ცვლილება იყო," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილს უკვირს კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილება, რადგან თვლის, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის სპიკერის ცვლილების საჭიროება არ იყო.

კახა კუჭავას გადადგომა და პარტიის შემდგომი ნაბიჯები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შიმშილის თემას გადაფარავს:

"ამ წელს სპიკერის ცვლილების არანაირი საჭიროება არ იყო. თუმცა, რადგან ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო იქნება თუ რას აპირებს კახა კუჭავა და "ქართული ოცნება", ვიდრე ის ხალხი, ვინც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შიმშილობს. ამ ნიუსის ძალიან ბუნებრივი გადაფარვა მოხდება,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. კახა კუჭავას სპიკერის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის. განცხადება პარტიის ოფისში 2 საათის წინ გაკეთდა.

"ქართული ოცნების" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ეს პარლამენტის უკვე მე-5 თავმჯდომარეა. მეათე, ბოლო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს კი, ერთ წელიწადში უკვე მესამე სპიკერი ეყოლება.

დაანონსდა, რომ კახა კუჭავა, რომელიც დეპუტატის მანდატსაც ტოვებს, მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, თუმცა მმართველი პარტია მომავალ წლამდე არ ახმაურებს კონკრეტულად რა საქმით დაკავდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 

 

დღის ამბები