16 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ვის რა ხედვები აქვს ეროვნული თანხმობის საკითხზე - კონსულტაციების მეოთხე დღე პრეზიდენტთან 

კონსულტაციების მეოთხე დღეს პრეზიდენტს მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია სტუმრობდა. "პატრიოტთან ალიანსისა" და "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნეს. შეთანხმების საგანი მათთვის მართლმსაჯულება და არჩევნებია. 

ვინ ვისთან და რაზე უნდა შეთანხმდეს? - საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუმცა მმართველ გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პროცესი მთავარ ოპოზიციურ ძალასთან წარმოუდგენლად მიაჩნიათ. არგუმენტად ოპონენტების პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახელებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ დიალოგის შესაძლებლობას "ქართული ოცნება" მეტად სერიოზულად უნდა მოეკიდოს. 

წარსულის შეფასება, რომ პროცესში მნიშვნელოვანია, ამაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომლებმაც ეს უშუალოდ პრეზიდენტისგანაც მოისმინეს. პოლიტიკოსების გარდა, სალომე ზურაბიშვილი დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს მასპინძლობდა. მათ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, რაც მათივე განმარტებით, შესაძლოა პროცესის ხელშემწყობი აღმოჩნდეს.

პროცესის სირთულეს აღიარებენ "ქართულ ოცნებაშიც". მმართველი პარტიისთვის შეთანხმების მთავარი საგანი პირველ რიგში პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზის დადგენა უნდა იყოს.

ეროვნული თანხმობის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. უკვე მეოთხე დღეა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება.

დღის ამბები