სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ლონდა თოლორაიას განცხადებით, სიურპრიზი იყო და იმედი აქვს, რომ პროცესი შეჩერდება. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს უფრო ვრცელ კომენტარს.
"კითხვის ნიშნებს ბადებს დასვენების დღეებში,კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.
იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!
მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.
მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი!" - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლონდა თოლორაია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ორი კონსტიტუციური ინსტიტუცია იყო დარჩენილი, სახალხო დამცველი და ინსპექტორის სამსახური, რომელიც თავის მოვალეობას ისე ასრულებდა, რომ მათზე არაფორმალური გავლენები არ ვრცელდებოდა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბრძოლის გამოცხადება იმ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა საქართველოს ხელისუფლებაში.
პარლამენტის წევრის და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" ადამიანების საჭიროებები დაივიწყა და გადართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რისი ნაწილიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაც.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ერთდროულად პერსონალური მონაცემების დაცვა და საგამოძიებო კომპონენტის განხორციელება ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. "ქართული ოცნების" წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, შესაბამისად, შეიქმნება ორი ახალი უწყება და ფუნქციების გადანაწილება მოხდება.