პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ჩანაცვლდეს.
საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა უმრავლესობამ მოითხოვა. კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებული განცხადებები კეთდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისჯება იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დაადგინა და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა.
"პირველივე დღეს, როდესაც განცხადება გაკეთდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება, იმ დღიდან დავალება მიიღო ივანიშვილის მხრიდან ყველა ადამიანმა, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ამ სამსახურის გაუქმება. ეს არის დიქტატურის გაგრძელება ამ ქვეყანაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირდება.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა "ქართული ოცნება" საკმარისი საკონსტიტუციო ხმები რომ ჰქონდეს პარლამენტში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, ისინი ვერ იტანენ ვერანაირ განსხვავებულ ხმას ქართულ პოლიტიკაში. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით ინსპექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელმაც დააჯარიმა პენიტენციური სამსახური,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ამავე აზრზე არიან პარტიაში "საქართველოსთვის", სადაც აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებაში" არ მოსწონთ, როცა დამოუკიდებელი უწყების გადაწყვეტილებები არ ემთხვევა მათ პარტიულ ვერტიკალს.
"ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ ექვემდებარება მის პარტიულ ვერტიკალს, და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად ემსახურება იმას, რომ მას სურს დამოუკიდებელი უწყება, ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დაუქვემდებაროს პარტიულ ვერტიკალს,"- აცხადებს ანა ბუჩუკური.