16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
რა კითხვები ჰქონდა ლონდა თოლორაიას მმართველი გუნდის წევრებთან და რა პასუხები მიიღო მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნაზე - პარლამენტი მსჯელობას განაგრძობს. ინიციატივის განხილვა ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე იწყება.

პარალელურად, მსჯელობა გრძელდება საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოკლორიამ, სხდომის დატოვებამდე მმართველი გუნდის წევრებს კითხვებით მიმართა:

"მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები, როდის დაინახეთ თქვენ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში? მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, კონკრეტული მაგალითები მჭირდება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, სად დაინახა პარლამენტმა ეს პრობლემები და თუ პარლამენტმა ეს პრობლემები დაინახა, ამის შესახებ მე რატომ ვიგებ დღეს ამ კანონპროექტით?

ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის უკეთეს გარანტიებს ქმნის? - იკითხა ლონდა თოლორაიამ. 

რაზეც მას რატი იონათამიშვილმა უპასუხა:

"როდესაც ორ უწყებას შორის გადანაწილება მოხდება ფუნქციების, დამოუკიდებლობის ხარისხიდან გამომდინარე, პროცედურები უცვლელი რჩება. ნიშნავს თუ არა, ეს ინსტიტუციურ გაძლიერებას? ჩემთვის ცალსახად ასეა, როდესაც ინტერესთან კონფლიქტის რისკები გამოირიცხება,"- ასე უპასუხა თოლორაიას რატი იონათამიშვილმა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნაზე მსჯელობისას, კითხვები ჰქონდა ოპოზიციასაც: 

"ეს კანონპროექტი აუცილებლად გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, ამაში ქალბატონი ლონდაც მიიღებს მონაწილეიბას. დაჩქარებულობის განსაზღვრასთან მიმართებით, აუცილებელია ამიტომ თქვენი პასუხები,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი იკითხა თუ - რამდენი ხანი მუშაობდა მმართველი გუნდი ამ კანონპროექტზე? - "ვფიქრობ დღეების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი პრინციპების სამართლიანობაა," - ასე უპასუხა მას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა.

მან ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახური არ უქმდება და კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის ხარისხით იქმნება.

"არ უქმდება ეს სამსახური - მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის ხარისხით იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უშუალოდ იქნება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულებებზე გამოძიებით დაკავებული. 

დღის ამბები