სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად სავარაუდოდ ხვალ გავა. მანამდე მას მხარი დაუჭირეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელსაც უმრავლესობა, ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი ესწრება. დაჩქარებული წესით განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს თავად ლონდა თოლორაია, რომელმაც პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მთავარი შეკითხვა არის თუ როდის აღმოაჩინა მმართველმა პარტიამ აღნიშნული სამსახურთან დაკავშირებით ხარვეზები და რატომ ხდება კონკრეტულად ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები.
"არანაირი კეთილი იდეა, თითქოს ეს ნაკარნახევი იყოს გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების გაყოფის ევროპული პრაქტიკით, ამ ცვლილებების უკან არ დგას. მაშინ ეს უნდა გაკეთებულიყო სხვანაირად და არა ამის ხალხისთვის დამალვის ფასად და დაჩქარებული წესით. პირიქით, უნდა ეთქვათ, რომ ვიწყებთ კონსულტაციას, გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე და პრაქტიკაზე და არც არავინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი. იმიტომ აკეთებენ ფარულად და სწრაფად, მიზანი არის სახელმწიფო უწყების, კონკრეტულად ლონდა თოლორაიას დასჯა იყოს სამაგალითო და პრევენციული სხვებისთვის," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
საკანონმდებლო ცვლილების პოლიტიკური მიზნებით ან ვინმეს წინააღმდეგ გამოყენებას უარყოფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და აცხადებს, რომ ოპტიმალური ვერსიის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციები გაგრძელდება:
"ამ საკითხთან დაკავშირებით მე დღეს მქონდა ჩემს კოლეგებთან ერთად შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. ასევე ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, დაინტერესებული პირების პოზიციები, სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციაც სავალდებულო კომიტეტების სხდომაზე. ამ კონსულტაციების, ამ აზრების შედეგად ჩვენ ვიმსჯელებთ გუნდის შიგნითაც და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ოპტიმალურ ვერსიას ჩამოვაყალიბებთ. დღესაც გვაქვს მოლოდინი, რომ თუ იქნება შინაარსობრივი შეკითხვები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავაახლოოთ პოზიციები, რომ არავითარი განცდა არ არ არსებობდეს, ვინაიდან არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ რაღაცა პოლიტიკური მდგენელი იქნეს შემოტანილი," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.