16 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი - შალვა პაპუაშვილი 

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში, კოლეგების წინაშე, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში წარსდგა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

"პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,"-  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად "ქართული ოცნების" გუნდის წევრობისა, ის იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. რადგან, მიუხედავად დაპირისპირებისა, მათ აქვთ ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც უკავშირდება წარმატებულ საარჩევნო რეფორმას. 

"რა თქმა უნდა, მე ვარ "ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მან ასევე გუნდის სახელით განაცხადა, რომ მათი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია.

"ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც მან განმარტა, პარლამენტს მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს, რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში. 

"სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება,"-  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

"ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს,"- მიმართა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს. 

დღის ამბები