"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებმა უკონკურსოდ დაიკავონ მათი კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობები ახალ სამსახურებში.
კობახიძემ ეს განცხადება პარლამენტში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს გააკეთა.
"ამ სამსახურში, დღეს, მთლიანობაში არის 9 დეპარტამენტი, სადაც არის წარმოდგენილი, დაახლოებით 120 თანამშრომელი. გვაქვს ასეთი წინადადება - პირველი, საგამოძიებო დეპარტამენტთან დაკავშირებით გთავაზობთ ასეთ რამეს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიციები და წარმოდგენილნი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული; ასევე, რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე, მრჩეველს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, ეს განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვას და გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ იყვნენ წარმოდგენილნი ახალ სამსახურში, პერსონალური მონაცემების ნაწილში,"- განაცხადა კობახიძემ.