მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სააკაშვილი რომ დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, რადგან წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა.
ამასთან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ "არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს".
"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რომ დაბრუნდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა
ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან. სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც არ არის ექიმი. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს განცხადება და დამიჯერეთ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.რუსთავის საპატიმროს ეზოში სპეც დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იკრიბებიან.