პარლამენტში რიგგარეშე სესია დაიწყო. მეორე და მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების შესახებ კანონპროექტს უყრის კენჭს. საკანონმდებლო პაკეტი ოპოზიციისთვის მიუღებელია, ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის მიერ შეთავაზებული არცერთი შესაძლებლობა არ გაითვალისწინა, რაც მას პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება.
"ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არცერთი მოწოდება, არ გაითვალისწინა ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტის მიერ შექმნილი შესაძლებლობა და ჯიუტად ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, ეს ყველაფერი არის, რეალურად, ძალადობა სახელმწიფოზე, საკუთარ ხალხზე და ძალიან ძვირი დაუჯდება ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი, პოლიტიკურად,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ერთი ადამიანის მიმართ.
"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პერსონის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კანონით მისთვის დადგენილი ვალდებულებები შეასრულოს კეთილსინდისიერად. სწორედ ამიტომ არის ასე დაჩქარებული წესით, ასე არაკონსტიტუციურად მიმდინარე პროცესი,"- აცხადებს თამარ კორძაია.
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არ იქნებოდა ურიგო, კანონპროექტს ვეტო დაედოს, რომ ასე დაჩქარებულად არ მოხდეს მისი მიღება.
"ლოგიკური იქნებოდა ვეტოს დადება ამაზე, იმიტომ, რომ დაჩქარებულიც აღარ ჰქვია, იურიდიული კომიტეტი 12 საათზე გაიმართა. რა სახელმწიფოებრივი აუცილებლობა ეს არის, რომ ეს ინსტიტუტი გაყონ, გააუქმონ თუ რაც ქნან, რა არის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საჩქარო საქმეები არ გვაქვს ქვეყანაში?! იმაზე არ ირჯება ასე "ქართული ოცნება", როგორც ამ ქალთან და ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით მოიქცა. სად არის ოპოზიცია? სუსტია კი არა, სად არის? "ნაციონალური მოძრაობა" რითია საერთოდ დაკავებული? ყოველი კომიტეტის წინ მოდიან, ხელს აწერენ და გარბიან, რატო აწერენ ხელს? იმიტომ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ, ესაა ბოიკოტი?!,"- აცხადებს ელისაშვილი.