მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად გაყოფა სამართლებრივად მიღებულია და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ხდება.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლონდა თოლორაია კრიტიკულ განცხადებებს გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აკეთებს.
"რეალურად, იქმნება ორი დამოუკიდებელი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს. გასაკვირიც არის ის განცხადება, ის გააფთრებული პოლიტიკური შეტევა, რომელსაც ახორციელებს ამ უწყების ხელმძღვანელი. ნათელია, რომ ის გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან ახორციელებს ამ შეტევას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონსტიტუციასთან შესაბამისი დაწესებულებები. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ აღნიშნა, არც ეს არის მთლად ჩამოყალიბებული იმდენად, რომ კონსტიტუციასთან ზედმიწევნით იყოს შესაბამისობაში ასეთი უწყებების არსებობა, როცა სხვა უწყებაც არსებობს,"- აცხადებს ვოლსკი.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი კი აცხადებს, რომ ამ ინსტიტუტის გაყოფის დაკავშირება ლონდა თოლარაიას მიმართ ანგარიშსწორებასთან, პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.
"კრიტიკის ყველა ასპექტი, რასაც ვისმენთ, არის აბსურდული. დაწყებული იქედან, რომ თურმე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი უქმდება - ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ აღნიშნული ინსტიტუტი იმიჯნება იმ საერთაშორისო კარგი პრაქტიკით, რომელზე რეკომენდაციებიც უკვე გვქონდა მიღებული, ვგულისხმობ, საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის მკაფიოდ გამიჯნულ ფუნქციას. ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება ადგილები. რაც შეეხება მცდელობას, რომ აღნიშნული ინიციატივა მიაბან თითქოსდა ლონდა თოლორაიას მიმართ სადამსჯელო ოპერაციას, ეს უბრალოდ სიცრუეა და გამოიყენება იმისთვის რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს,"- აცხადებს წილოსანი.