16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
არ არის კომუნიკაბელური, გაბრუებულია... - გვარამია განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანამდე სააკაშვილს წამლები დაალევინეს 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. მისი შეფასებით, სააკაშვილი განცხადებებს ვერ გააკეთებს, რადგან არ არის კომუნიკაბელური, არის სუსტად და გაბრუებულია.

ამასთან, ნიკა გვარამია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გადაყვანამდე თავდაპირველად დაალევინეს წამლები, რის გამოც მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ჰქონდა.

ადვოკატი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალიდან აქ გადმოყვანის დროს მასზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. 

გვარამიას თქმით, სააკაშვილის ეტაპირება განხორციელდა ეტლით, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა. შესაბამისად, გვარამია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი საბადრაგო სამსახურის დახმარებით შეხვდა ადვოკატებს.

ასევე, გვარამია აცხადებს, რომ ფორმა 100, რომლის დიაგნოზის საფუძველზეც გამოწერეს მიხეილ სააკაშვილი არის გაყალბებული.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, სააკაშვილის ექიმებმა აღნიშნეს, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი იმავე წონით დაბრუნდა, რა წონითაც გავიდა.

ამასთანავე, ადვოკატის თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანია სააკაშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიყვანონ.

"ეს კაცი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით, ვითომ გამოჯანმრთელებული. სინამდვილეში გამოჯანმრთელებული არ არის, უარესად არის. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და "კაპტოპრილით" ემკურნალა.

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. ახლა რაც არ უნდა ეთქვა მას შიმშილობასთან დაკავშირებით, მე განცხადებას მაინც არ გავაკეთებდი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები