სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებებით ეხმაურებიან.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებაში წერია, რომ ინიციატივის შინაარსსა და საკანონმდებლო განხილვის დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას, მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.
"თვალშისაცემია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სოციალურ მედიაში, რომელსაც კამპანიური ხასიათი აქვს - პარალელურად, საინფორმაციო კამპანია მიმართულია საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება," - ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების გაცხადებული მიზნის უკან სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს.
მათი განმარტებით, "ქართული ოცნების" წევრებმა ცვლილებების ინიცირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.