16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ შეფასებებს აკეთებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ექს-პრეზიდენტი მძიმე საქმეებზეა მსჯავრდებული და სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე, საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს მისჯილი. 

"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა, ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან უნდა მოიხადოს, ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი.

კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი. მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, "რეფიდინგი" დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა.

როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. 

"რაღაც ლექსიკონი აქვთ, როგორც ჩანს, ურიგებენ თავის მედიას, ურიგებენ თავის აქტივს და ეუბნებიან, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანა არის წამება ფარმაკოლოგიური წამება, გატაცება, შურისძიება და ათასი უბედურება. ასე წერია მათ ლექსიკონში და ამაზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები