"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, უწყების თანამშრომლებს საშუალება ექნებათ აირჩიონ, თუ რომელ ახლადშექმნილ სამსახურში სურთ მუშაობა.
მისივე თქმით, ლონდა თოლორაიას შეეძლება საკუთარი კვალიფიკაციის ადეკვატური თანამდებობა საჯარო სამსახურში დაიკავოს.
"ყველა თანხმდება იმაზე, რომ ინსტიტუციურად უკეთესად იქნება მოწესრიგებული ამ სამსახურის სტრუქტურა, სამართლებრივად რომ ყველაფერი გამართულია, ამაზეც ყველა თანხმდება, ამაზე არავითარი განსხვავებული შეფასებები არ არსებობს. რაც შეეხება თანამშრომლებს - ყველა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი რჩება ადგილზე, უფრო მეტიც - კონკრეტული დეპარტამენტების თანამშრომლებს ექნებათ არჩევანი, თუ რომელ სამსახურში სურთ დარჩენა. რაც შეეხება სამსახურის ხელმძღვანელს - პრემიერმა გააკეთა შეთავაზება საჯაროდ, ლონდა თოლორაიას შეუძლია დაიკავოს შესაბამისი, ადეკვატური თანამდებობა საჯარო სამსახურში. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი და ყველას აქვს ინფორმაცია მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მას შეუძლია ადეკვატური საჯარო თანამდებობა დაიკავოს,"-აცხადებს კობახიძე.