ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში 40 დღიანი მკურნალობის შემდეგ დააბრუნეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა.
დღეს ექსპრეზიდენტს მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოინახულებს.
"ცხადია, რომ ყველას გვაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით ინფორმაციის განახლებულ რეჟიმში მიღება არის ჩვენთვის პრიორიტეტული. იმედი მაქვს, დამხვდება უკეთეს მდგომარეობაში და, ამასთან, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, თუ ჯანმრთელობა მისცემს ამის შესაძლებლობას, ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები და მისი ეტაპირების ფაქტი; დეტალურად გავიგო, თუ როგორ მოხდა და რა მოხდა, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია მოეწოდებინა,"- აცხადებს ადვოკატი.