საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. საახალწლო მიმართვაში შალვა პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2022 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება:
"ძვირფასო თანამოქალაქეებო!
საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ახალი წლის ღამეს ყველა თაობისთვის საყვარელი ტრადიციები ცოცხლდება და ყველა ოჯახში განსაკუთრებული გარემოა.
მინდა გამორჩეულად მივულოცო ახალი წელი ჩვენი ოჯახების ასაკოვან წევრებს, რომლებმაც ეს ტრადიციები შემოგვინახეს და ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის ღამის განსაკუთრებულობას არ გვავიწყებენ.
დღეს, ყველა ერთად ვემშვიდობებით ურთულესი გამოწვევებით სავსე წელს და მომავალს იმედით ვხვდებით. პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. 2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება; ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და აქტიურობა კი - გადამწყვეტი. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალია საქართველოს ერთიანობა, წინსვლა და განვითარება. ამიტომ დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება. ეს არის ის რასაც გვავალდებულებს ჩვენი საამაყო ისტორია, უნიკალური კულტურა და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება," -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.