03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
DHL-მა, TNT-მ და "სთარ გრუპმა" მუშაობა შეაჩერეს

DHL-ის, TNT-ის, "სთარ გრუპის" და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფოსტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა დღეს შეუძლებელი იქნება. კომპანიები ერთდღიან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მიზეზი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტია.

კომპანიებში ამტკიცებენ, რომ პროექტის მიხედვით, ბაზრის მონოპოლიზაცია ”საქართველოს ფოსტის” მიერ ხდება, რაც თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

რამდენიმე საათის წინ თბილისში დაბრუნდნენ საქართველოში მოქმედი DHL-ისა და TNT-ს ხელმძღვანელები. ისინი კონსულტაციებისთვის ევროპაში სათავო ოფისებში იმყოფებდნენ.

გადამზიდავი კომპანია ”სტარ გრუპის” დამფუძნებელი თეა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქართული კომპანიის ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს და აღნიშნავს, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ისეთი გადამზიდავების ზარალი, როგორიცაა DHL, TNT.

ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების დარღვევაზე მიუთითებს გადამზიდავი კომპანია ”TNT”-ის დირექტორი და აცხადებს, რომ თუ ეს კანონი ამ სახით იქნა მიღებული, ის არ მისცემს კომპანიას საშუალებას, რომ დარჩეს ბაზარზე. ნინო მენთეშაშვილის თქმით, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ, რადგან სამინისტრო მალავს კანონპროექტს.

გაფიცვის ფაქტს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი და აცხადებს, რომ შეიძლება მოხდეს ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღება.

ნათია კუტივაძის თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციებით პრაქტიკულად მოხდება სამართლიანი კონკურენციის გამორიცხვა ამ ბაზრებზე და მხოლოდ ერთი კომპანიის ჩაყენება უპირატეს მდგომარეობაში, კერძოდ, კანონისმიერი მონოპოლიის დამკვიდრება.

ეკონომიკის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გაფიცვის შესახებ ინფორმაციას საფოსტო კომპანიები საკუთრ კლიენტებს ერთი დღით ადრე ტელეფონით ატყობინებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები