03 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
რაზე ესაუბრა ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებს - აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებულ ნაბიჯებზე მსჯელობს

რა დამატებითი ზომების მიღებაა შესაძლებელი რუსეთის წინააღმდეგ - დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ესაუბრა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, ეს მოლაპარაკება იყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ამერიკის და მისი მოკავშირეების კოორდინირებულ ნაბიჯებზე. მოკავშირეები ამ კვირაში ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან, ხოლო ბაიდენი ვიზიტს პარასკევს, პოლონეთში გააგრძელებს. 

დღესვე, ვაშინგტონში უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ატლანტიკურმა საბჭომ დიპლომატებს და სამხედრო სპეციალისტებს მოუსმინა. უკრაინის თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ვითარება სხვადასხვა ფრონტზე განსხვავებულია. 
 
"რუსულ ძალებს, თავად რუსებიც გადაჭარბებულად აფასებენ. მათ არ აქვთ საკმარისი ძალა მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინონ. უკრაინის ძალები უფრო მეტად ძლიერები არიან, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. უფრო მეტად უნარიანი და ბევრად მოტივირებულები, რადგან ჩვენი ქვეყანაა და აქ ჩვენი ოჯახებია. მათ ძალებს არ ესმით ამოცანები. ეს ტიპური საბჭოთა ტრადიციაა. არ იციან, რას აკეთებენ იქ. მათი ლოჯისტიკის მდგომარეობა ძალიან ცუდია. ასევე ცუდია აღჭურვილობის მდგომარეობა და პრობლემები აქვთ ოპერაციების დაგეგმვაში. რუსეთის არმიის უპირატესობის და დომინანტობის შესახებ წარმოდგენა მსოფლიოში გადაჭარბებულია,"- აცხადებს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი.
 
დიპლომატები არ ეთანხმებიან ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის პოლონეთის მოიერიშე თვითმფრინავების არმიწოდების გამო. ისინი ამბობენ, რომ პუტინს უნდა ეშინოდეს დასავლეთის და არა პირიქით. 
 
"ჩვენ უნდა შევაძლებინოთ უკრაინელებს ბრძოლა და ეს ავტომატურად არ ხდება. საკმარისად სწრაფად არ ხდება ზოგიერთი საშუალების მიწოდება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია გასულ კვირას დაჰპირდა. განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას, დახუროს საჰაერო სივრცე, თუ არასაფრენოსნო ზონა ისევ მიუღწეველია. ვფიქრობ, ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, "მიგ-29" თვითმფრინავების მიწოდების გამორიცხვაზე. იქნებოდა გზა, თუ როგორ გაკეთებულიყო ეს,"- აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში ალექსანდერ ვერშბოუ.

"უნდა გადაწყდეს, თუ როგორ უზრუნველვყოთ, პუტინს ჰქონდეს შიში და არა ჩვენ. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ დავაწესოთ სანქციები. არა ისეთები, რომლებიც დროთა განმავლობაში იმუშავებენ, არამედ დაუყოვნებლივი ეფექტის, რომლებიც რეალურად გაანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას. სიტუაცია ცხადია. სამოქალაქო პირები იღუპებიან. ხალხს კლავენ და ეს დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ჩვენ მხოლოდ ჯაველინებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო სივრცის დახურვაა. ეს შესაძლებელია არასაფრენოსნო ზონის გარეშე, თუკი უზრუნველყოფ ყველაზე მოდერნიზებულ ანტისაჰაერო დახმარებას. თუმცა S300-ის და მიგ-ის თვითმფრინავების მიწოდებაც პრობლემაა. მე უფრო ამბიციური ვიქნებოდი და "პატრიოტის" სისტემაზეც ვილაპარაკებდი. ეს ვითარებას შეცვლიდა,"-აცხადებს უკრაინის უოფილი ელჩი აშშ-ში ოლეჰ შამშური
 
კიდევ ერთი სცენარი, რომელიც დღეს განიხილეს ეხებოდა შესაძლებლობას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს. სპეციალისტების აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ეს წარმოუდგენელი მაინც არ არის. თუკი ომი რუსეთისთვის ალიან ცუდად წავიდა, არ არის გამორიცხული მან თუნდაც დემონსტრაციული გაშვება განახორციელოს იმის საჩვენებლად, რომ დასავლეთთან ესკალაციისთვის მზად არის. 
დღის ამბები