26 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
უარი რუსულ გაზსა და რუბლს - როგორ უნდა შემცირდეს ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე

როგორ უნდა შემცირდეს ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე - ამ თემაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. გაირკვა, რომ ამერიკა ევროკავშირს 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის.

განიხილეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაც, რომელსაც სურს, რომ ე.წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა - მათ შორის ევროკავშირმა, რუსული გაზი, რუბლში შეისყიდონ. პუტინმა გაზპრომს ევროპელ შემსყიდველებთან გაფორმებული კონტრაქტების შეცვლა უკვე მოსთხოვა, თუმცა, დასავლეთმა მას პასუხი გასცა და უთხრა, რომ კონტრაქტით რუბლის გადახდა გათვალისწინებული არ არის. 

"ჩვენ გვსურს ყველა სანქციის ბოლომდე იმპლემენტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურად მუშაობს რუსეთზე. სანქციების პაკეტში არ შედის ენერგორესურსებზე შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსულ ენერგორესურსებზე. ამაზე ბევრს ვმუშაობთ.

ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ ენერეგორესურსების დივერსიფიცირებას. გერმანია ცდილობს თავიდან აიცილოს ქვანახშირის იმპორტი. თუ ელექტროენერგიის წარმოებას შევძლებთ მზის ენერგიით და ბეჯითად ვიმუშავებთ, მაშინ მთელ სცენარს შევცვლით. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაზეც ვმუშაობთ, ჩვენი ენერგოსისტემა იყოს მდგრადი და სტაბილური. რაც შეეხება ენერგორესურსების რუბლით გადახდას, არსებობს კონტრაქტები, სადაც განსაზღვრულია ვალუტაც და ჯარიმებიც. გადახდა მოხდება ისე, როგორც ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ჩვენი აქ ყოფნით ვახდენთ ერთიანობის დემონსტრირებას. ჩვენ ერთად გავცემთ პასუხს არსებულ გამოწვევებს,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დღის ამბები