17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
"სადგურზე ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები დავინახე, მათ შორის თავი" - კრამატორკში დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია

კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. სადგურზე კასეტური რაკეტებით 2 ავიაიერიში განხორციელდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ათასი ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა.

არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, იქიდან გამომდინარე, რომ დაშავებულების უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოკუპანტებმა სადგურს "ტოჩკა -У"-ს ტიპის რაკეტით დაარტყეს. აღსანიშნავია ერთი დეტალი, ერთ-ერთ რაკეტაზე გაკეთებული იყო წარწერა "ბავშვების გამო!", სავარაუდოდ ამის მიზანი იყო ის, რომ რუსეთს აფეთქებასა და საკუთარი მოსახლეობის განადგურებაზე პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დაეკისრებინა. ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ ამ შინაარსის გზავნილები გაავრცელეს აფეთქებიდან რამდენიმე წუთში რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

"ვიღაცამ იყვირა "დაწექით". გაისმა აფეთქების ხმა, რასაც კივილი მოჰყვა. ყველაფერი მტვრით დაიფარა, გაჩნდა ხანძარი. ჩემ თვალწინ რამდენიმე ადამიანი საკაცით გაიყვანეს. არ ვიცი ცოცხლები იყვნენ თუ არა. როდესაც შოკურმა მდგომარეობამ შედარებით გადამიარა, სადგურზე ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები დავინახე, მათ შორის თავი," - აცხადებს თვითმხილველი

კრამატორსკში მომხდარ ტრაგედიას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. აფეთქების დეტალებზე რამდენიმე წუთის წინ ფინეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს პუტინის შესაჩერებლად, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევის ოლქი 48 ჯერ დაიბომბა. დაშავებულია 15 ადამიანი. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ასრულებენ მზადებას დონბასზე შეტევისთვის. კრამატორსკის გარდა დღეს უკრაინაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სულ 10 დერეფანი იყო გახსნილი. მათ შორის მარიუპოლშიც, თუმცა აქ მოსახლეობასთან მისვლა ავტობუსებმა ვერ მოახერხეს, ქალაქში მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების გამო. ბოლო 24 საათში ქვეყნის დასავლეთით და საზღვრებს გარეთ 5000-მდე ადამიანის გაყვანა მოხერხდა.

 

დღის ამბები