26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
აქვს თუ არა აზრი, უკრაინის საკითხზე პუტინთან მოლაპარაკებას - რას პასუხობს "კურიერის" კითხვას აშშ-ს სახდეპის სპიკერი

გაეროს გენერალური მდივნის სურვილს, მოსალაპარაკებლად შეხვდეს ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯერ პასუხი არ მოჰყოლია - "კურიერმა" კითხვა დაუსვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მიესალმება თუ არა ამერიკა ამ ნაბიჯს და საერთოდ აქვს თუ არა აზრი, უკრაინის თემაზე პუტინთან მოლაპარაკებას. 

ნედ პრაისის თქმით, კრემლი დიპლომატიურ ინიციატივებში არასერიოზულობას იჩენს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის შემცირებას და საბოლოოდ, დიალოგით და დიპლომატიით ამ საომარი მოქმედებების დასრულებას. ეს არის ის, რის ნახვაც გვსურს და ეს არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სურთ რომ მოხდეს. ჩვენს უკრაინელს პარტნიორებს ყოველ ნაბიჯზე სურდათ რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, თუმცა, ვნახეთ, რომ ამ პროცესმა არსებითი შედეგი არ მოიტანა. არა ძალისხმევის ან სურვილის არქონის გამო უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ კრემლი დიპლომატიურ ინიციატივებში არასერიოზულობას იჩენს," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

გენერალური მდივნის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები. მათი თქმით, უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, შედეგის არქონის მიზეზი, მედიატორების ნაკლებობა არ ყოფილა.

გარდა ამისა, ნედ პრაისი აცხადებს, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკა მისი პარტნიორების მიმართ ერთგულია.

დღის ამბები