20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მთის ტრასების სააგენტოსა (M.T.A) და ფრანგულ კომპანია Cluster Montagne შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტოსა“ (M.T.A) და ფრანგულ კომპანია Cluster Montagne შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სამთო ტურიზმის, ოთხსეზონური კურორტების, დივერსიფიცირებული და ინოვაციური პროდუქტების განვითარებასა და ხელშეწყობას. ასევე, პროფესიულ გადამზადებას, მარკეტინგულ აქტივობებს, სამთო ტურიზმის პოპულარიზაციასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა - ირაკლი ჭირაქაძე ფრანგული კომპანია Cluster Montagne-ის მიწვევით, საქმიანი ვიზიტით საფრანგეთს Mountain Planet-ის გამოფენას ეწვია.

აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმია სამთო ტურიზმის სფეროში, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის რამდენიმე ასეული დელეგატი - კერძოდ, ფინეთის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, კანადის, აშშ-ს, იაპონიის და სხვა ქვეყნების სათხილამურო კურორტები და საერთაშორისო კომპანიები. ასევე ვიზიტის ფარგლებში „ემ თი ეის“ დირექტორმა მოინახულა საფრანგეთის ალპების სამი კურორტი: ალ დუეზი, დეზ ალპი და ლა გრავი. ირაკლი ჭირაქაძეს მასპინძელმა მხარემ აღნიშნული კურორტების პოტენციალი, განვითარების გეგმები, ოპერირებისა და მართვის სპეციფიკები გააცნო - სამომავლოდ ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთის კურორტებს პროექტებისა და დივერსიფიცირებული პროდუქტების განვითარებაში.

დღის ამბები