გუდაურში სასტუმრო "თვინსმა" მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზი ტურისტის გარდაცვალება გახდა. მამაკაცის ცხედარი სასტუმროს ნომერში პერსონალმა იპოვა. მას აბაზანაში ვენები ჰქონდა გადაჭრილი. "რუსთავი 2"-მა გარდაცვლილის ვინაობა გაარკვია. ის 27 წლის შონ ტეკოისია. რუსეთის მოქალაქე საქართველოში დაახლოებით 10 დღის წინ, სავარაუდოდ ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა და მთელი ეს პერიოდი გუდაურში იმყოფებოდა.
ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსიც, რომელიც გარდაცვლილმა თვითმკვლელობამდე დაწერა. ირკვევა, რომ შონ ტეკოისი პუტინის მმართველობას არ იზიარებდა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს აკრიტიკებდა. ახალგაზრდა მამაკაცმა წერილში უკანასკნელი სურვილიც გაამჟღავნა.
"არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში. აქ დავასრულე ყველაფერი და აქვე დამმარხეთ, საქართველოში. ყველაფერი მძულს, რაც აგრესიას უკავშირდება, მათ შორის ის ომებიც, რომლებიც ჩემს ქვეყანას ჯერ საქართველოსთან, ახლა კი უკრაინასთან აქვს," - წერდა 27 წლის მამაკაცი.
სასტუმროს თანამშრომლები მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბრებში კი ყვებიან, რომ მამაკაცი საქართველოში მარტო იყო ჩამოსული და არასდროს მალავდა უკმაყოფილებას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. გარდაცვლილის ცხედარი, თბილისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.