კიდევ ერთი დავალება მთავრობის მეთაურისგან ეკონომიკურ გუნდს - გადაამოწმოს, რატომ არ ხდება საწვავზე ფასების გაიაფება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კონკურენციის სააგენტოს შეახსენა, რომ ქვეყანაში იაფი საწვავი შემოდის, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა. პრემიერ-მინისტრმა ნავთობიმპორტიორებს ისიც ღიად განუცხადა, რომ აქვს ინფორმაცია ფასებთან დაკავშირებით გარკვეულ მოლაპარაკებაზე, თუმცა ამის დადასტურებას სააგენტოსგან ელის.
ის, რაც მთავრობის სხდომაზე ითქვა, ნათლად ჩანს ბრენდირებულ და არა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებში, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასებს შორის განსხვავება 60 თეთრს აღწევს.
ნავთობიმპორტიორების ასოციაცია თავის მართლების რეჟიმშია, ისინი კარტელურ გარიგებებს კატეგორიულად უარყოფენ და ხელს საერთაშორისო ნავთობბაზრისკენ იშვერენ. ავტომანქანების მფლობელები კი კვლავ არჩევანის წინაშე დგანან და საწვავის იაფად შევსების გზებს ეძებენ.
როდესაც ფასები დაუჯერებელია, მათ ორი კოდექსით განიხილავენ - ერთი მორალურია, მეორე სამართლებრივი. მომხმარებელი რომ ცალსახად უკმაყოფილოა, ეს ფაქტია, თუმცა მორალური მხარის მიღმა ეჭვები კანონიერების ნაწილში ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის დონეზე გამოითქმის.
შესაძლო უკანონო გარიგებების გარშემო კითხვებზე პასუხების გაცემა უკვე დაევალა კონკურენციის სააგენტოს.
რეაგირებისთვის კონკურენციის ეროვნული სააგენტო 4-თვიან პერიოდს სწავლობს. განსაკუთრებით საყურადღებო მარტის და აპრილის თვეებია. მარტის პირველ ნახევარში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასმა შემცირება დაიწყო, თუმცა ამ ტენდენციას მსხვილი ქართული კომპანიები ვერ ან არ დაეწივნენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს ცხრილში გვაჩვენებს და ამის წინაპირობებს განმარტავს. ამბობს, რომ ტენდენციები რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით სწრაფად იცვლება. ვანო მთვრალაშვილი შიდა ბაზარზე უკანონო გარიგებებს გამორიცხავს.
ფასების წარმოქმნის დეტალებს, განსაკუთრებით კი კომპანიებს შორის უკანონო შეთანხმებების არსებობის რისკებს, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე შეისწავლის. გათვალისწინებული იქნება რა გავლენა იქონია ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში, რადგან საწვავის ფასის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი დოლარში შესყიდვის გათვალისწინებით სწორედ ვალუტის კურსია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.