20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ახალციხეში გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი დეტალებია - რა ბრალდებას უყენებს  კლინიკის ადმინისტრაციას ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ექიმი

სიმართლე, რომელსაც საზოგადოება მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ იგებს. ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმე ისევ ბუნდოვანია. ალაპარაკდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე - ექიმი, რომელსაც კლინიკამ, მისი მტკიცებით, ტყუილი ათქმევინა.
როგორც ირკვევა, ცუდად გახდომის შემდეგ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, ექიმს არ გაუკეთებია ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც. ექიმი კი ყველაფერში კლინიკის მენეჯმენტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მედიკოსმა ვიოლეტა ინასარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ერთწლიანი ძიების მიუხედავად, ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის პასუხი.

ახალციხეში გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეში ბრალდებული ექიმი, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუნდა, თუმცა კამერებთან არ ჩნდება. კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და კლინიკის შენობიდან დღეს არ გამოვიდა. "კურიერს" არც სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა.

ახალგაზრდა მედდის საქმეში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ექიმმა გუშინ ახალციხის რაიონულ სასამართლოში განცხადება გააკეთა. ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული, მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას "იმედის" კლინიკის ხელმძღვანელობას უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე, სადაც მისი გათავისუფლების სარჩელს განიხილავდნენ, ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ ტყუილი საავადმყოფოს ადმინისტრაციის დავალებით თქვა. დაასახელა კონკრეტული გვარებიც, მათ შორის იყო კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.

აბსურდული ბრალდება - ასე უწოდა ვიოლეტა ინასარიძის გუშინდელ განცხადებას ბრალდებების ერთ-ერთმა ადრესატმა. მზია კაკოიშვილი "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ შემთხვევის დროს ის კლინიკაში არ იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა და მეგი ბაქრაძის საქმეზე აუცილებელი დოკუმენტაცია მოითხოვა, საბუთები მას თავად ინასარიძემ გადასცა, უკვე შევსებული. 

რაში დასჭირდა კლინიკა "იმედის" ხელმძღვანელობას შესაძლო ზეწოლა ვიოლეტა ინასარიძეზე, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს ბრალდებულის ინტერესების დამცველს. ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა მუდმივად მიმდინარეობდა.

ამ დრომდე ელოდება კონრეტულ პასუხებს მეგი ბაქრაძის ოჯახი - ვისი გულგრილობის შედეგია ქალის გარდაცვალება და უნდა დადგეს თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამაზე 27 წლის მედდის ახლობლები ამ ეტაპზე არ საუბრობენ. ბაქრაძეები გამოძიების მიმდინარეობას აკვირდებიან და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

კლინიკა "იმედის" ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია ექსპერტიზები, შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. შესაძლოა, ექიმ ინასარიძის ჩვენების შეცვლის შემდეგ სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. პირველადი მონაცემებით, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა

დღის ამბები