20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ძვირადღირებული საათების კოლექცია და ნახევარ მილიარდად შეფასებული სასახლე - რა ქონებას ფლობს რუსეთის პატრიარქი, რომელიც დიდი ალბათობით, სანქცირებულთა სიაში მოყვება

სანქციები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ. ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური აკრძალვების დაწესების რეკომენდაცია გასცა - დასავლური მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება და მათ შორისაა პარტიარქი კირილიც.

რუსეთის პატრიარქი ამტკიცებს, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს და არავისთან სდომებია ბრძოლა. ეს უთხრა მან რომის პაპსაც, საუბრისას კირილი ფრანცისკეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა თუ რა გამართლება აქვს ომს. 

რუსეთის სულიერი მოძღვარი მისი მდიდრული ცხოვრების წესის გამო არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში, თუმცა ეპოქალურ სკანდალში 2012 წელს აღმოჩნდა. ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც მას 30 ათასი დოლარის ღირებულების შვეიცარული ფირმის საათი უკეთია. ფოტო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე იდო.

დიდი აუზრაურის შემდეგ ორიგინალი ფოტო საიტიდან აიღეს და ფოტოშოპით დამუშავებული სურათით ჩაანაცვლეს. ასე გაქრა პატრიარქის მაჯიდან საათი. თუმცა, ფოტოს დამუშავების მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო მაგიდის პრიალა ზედაპირზე დარჩენილი საათის ანარეკლი.

ამიტომ, რუსეთის საპატრიარქომ, რომელიც თავდაპირველად  პატრიარქის მაჯაზე ძვირადღირებული საათის არსებობის ფაქტს უარყოფდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა ფოტოს დამუშავებისთვის.

ბოდიში მოიხადა თვითონ პატრიარქმაც და პირობა დადო, რომ ის აღარასოდეს გაიკეთებდა უცხოური ბრენდების ძვირადღირებულ საათებს და გამოიყენებდა მხოლოდ რუსული ბრენდების იაფასიან საათებს, თუმცა ეს პირობა მან მალევე დაარღვია.

პატრიარქი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ 2018 წელს აღმოჩდა, როდესაც მის მაჯაზე უკვე 16 000 დოლარიანი ღირებულების საათი შენიშნეს. შვეიცარული საათი ბრილიანტის თვლებით არის მორთული და მას ნიანგის ტყავისგან დამზადებული სამაჯური აქვს. საათი, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც პატრიარქი კირილი ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო - "ზნეობრივი ფასეულობები და კაცობრიობის მომავალი".

უფრო მოკრძალებული, დაახლოებით ათასი დოლარის (55 850 რუბლის) ღირებულების, ფინური ფირმის სპორტული საათი პატრიარქის მაჯაზე ჟურნალისტებმა 2019 წლის ნოემბერში შენიშნეს, როდესაც პატრიარქი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.

ძვირადღირებული საათის კოლექციის გარდა, რუსეთის პატრიარქის მფლობელობაშია სასახლე გელენჯიკში, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული რეზიდენციაა. მისი ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია. პატრიარქის მეზობლები კი, ჟურნალისტების თქმით, პუტინი და მედვედევი არიან.

პატრიარქის ძირითადი, ოფიციალური რეზიდენცია მოსკოვის ოლქში მდებარეობს. მისი მოწყობა კირილემ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრიარქი გახდა, რადგან რეზიდენციის იმდროინდელი მდგომარეობა მის გემოვნებას და მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2,5 ჰექტარზე გადაჭიმულ რეზიდენციაში 22 000 ევროს ღირებულების ავეჯი სპეციალური შეკვეთით კირილემ იტალიიდან ჩამოატანინა. რეზიდენციაში მოწყობილია ჯანმრთელობის ცენტრი, ასევე ავტოსადგომიც.

დღის ამბები