მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მოინახულა. ციხის დატოვების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ემხრობა.
"მე სამედიცინო ტერმინოლოგიით მის ჯანმრთელობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელსა შუა დნება. ჯერ ერთი, ძალიან გამხდარი იყო იმასთან შედარებით, სულ ახლახანს ვიყავი, აღდგომის დღესასწაულზე. კარგი ვქენი რომ მოვედი, იმიტომ, რომ საიდუმლოებებთან შეხება და ლოცვა ძალიან დადებითად მოქმედებს.
რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს ველოდე, სანამ გამობრძანდებოდა. მაგრამ, გაფრთხილებული ვიყავი, რომ ღამე გადაცემებს უყურებს და დილით ადრე ადგომა მისთვის ძნელია. მეც შედარებით ადრე მივედი, შეიძლება ამის ბრალი იყო, მაგრამ ამდენი ხანი არ მიცდია მისთვის არასოდეს,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.