20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
20 მლნ ლარი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის სტარტისთვის - როგორ განისაზღვრება მობინადრისთვის გადასაცემი ფართის ოდენობა ავარიული კორპუსის აღებისას

თბილისის მერიამ გასულ წელს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის ამოქმედება დააანსონსა. პროექტის სტარტისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი. ცოტა ხნის წინ საპილოტე პროექტის ლოკაციად - სამგორი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ კი, თბილისის საკრებულომ, ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა.

რას გულისხმობს და როგორ მუშაობს აღნიშნული წესი? - პროგრამის დეტალებზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ბიზნეს რუბრიკაში"ისაუბრა.

რა ტიპის შენობების ჩანაცვლება მოხდება და როგორ შეირჩევა ნაგებობები?

"წლების განმავლობაში ქალაქი ყოველწლიურად 10-ობით მილიონ ლარს ხარჯავდა ავარიული კორპუსების გამაგრებაზე, რომელთა ავარიულობის ხარისხი უკვე საგანგაშო იყო, თუმცა ყველა ექსპერტი დაგვეთანხმება იმაში, რომ ეს დახარჯული ფული არის პრობლემის გადავადება და არა მოგვარება. როდესაც შენობა ავარიული ხდება და მიდის მეოთხე კატეგორიამდე, უკვე რთულია მისი გამაგრებით პრობლემის მოგვარება. ამიტომ, შარშან, მერის დავალებით დაიწყო ახალ მოდელზე მუშაობა და დაახლოებით 1 700-1 800-მდე შენობა თბილისში არის ავარიული, შეიძლება მეტიც იყოს. მე ვსაუბრობ შენობებზე, რომელსაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამიტომ მოდელის შექმნაზე მუშაობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მთავარია ვიცოდეთ, რა მექანიზმით ვანაცვლებთ ავარიულ კორპუსებს.

დღეს გვაქვს მოდელი, როდესაც მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე ურბანული გარემოდან გამომდინარე შესაძლებელია აშენდეს პირობითად 4 სართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ნაცვლად 9-10 სართულიანი შენობა ისე, რომ ჩვენ ურბანული სივრცე და გარემო არ დავაზიანოთ და ამ დროს ნამატი ფართით და ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით მოხდება ამ ყველაფრის ანაზღაურება მშენებლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხებით, რაც შეიძლება მეტი კორპუსის ჩანაცვლება მოვახდინოთ. ეს ნამატი ფართი არის ამისთვის აუცილებელი."

რა მიიჩნევა საგანგაშო ავარიულ მდგომარეობად და მოქალაქეები როგორ შეძლებენ ჩაერთონ პროექტში?

იგულისხმება მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც მიიჩნევა, რომ საგანგაშოა, თუმცა ჩვენ წესში ჩავწერეთ, რომ მესამე და მეოთხე კატეგორიას შეეხება, რადგან მესამე კატეგორია უკვე ნიშნავს იმას, რომ პროცესი მეოთხე ხარისხის ავარიულობისკენაა და არ არის აუცილებელი დაველოდოთ მეოთხე ხარისხს. ჩართვა შეუძლია ყველა კორპუსის ამხანაგობას და მაცხოვრებელს, თუმცა აქ არის რამდენიმე პირობა, რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა გაითვალისწინონ:

პირველი - ასივე პროცენტის, მესაკუთრეების ყველას თანხმობა უნდა არსებობდეს. (არის ხშირად, როცა 1 ან რამდენიმე ადამიანია წინააღმდეგი).

მეორე - არ მოხდება ავტოფარეხების, სარდაფების და ე.წ. სხვენების გათვალისწინება გადასაცემ ფართში. ადამიანებს გადაეცემათ მინიმუმ ის ფართი, რაც აქვთ მათ საცხოვრებლად განსაზღვრული, არანაკლებ იმ ფართისა, რაც მათ აქვთ და რასაც საცხოვრებლად იყენებენ. შესაძლებელია არქიტექტურული პროექტის გამო იყოს გარკვეული მეტობა, მაგრამ არა ნაკლები.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ რევაზ სოხაძის განცხადებით, მოქალაქეები ამ პროგრამის შედეგად მიიღებენ ბინებს ახალ, გარემონტებულ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებულ კორპუსში, რაც გააათმაგებს მათი ქონების ღირებულებას.

 



 

 

 

 

 

დღის ამბები