საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის კომენტარს ეხმიანება, სადაც მიტროპოლიტი აღნიშნავდა, რომ ექსპრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა პატრიარქსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრის შედეგია.
განცხადებაში, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი, სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა.
ასევე, საპატრიარქო მოხარულია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა.
"გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი. საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი", -ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.